აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრაზე სამშვიდობო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე არსებითი დისკუსიები გაიმართა, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე
აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა დასრულდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლიდერებს შორის შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.
გავრცელებული ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე ძალიან სერიოზული და არსებითი დისკუსიები გაიმართა, მათ შორის საზღვრის დელიმიტაციაზე, ზანგეზურის დერეფნის გახსნასა და განვითარებაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასა და სხვა საკითხებზე. მიღწეული იქნა ზოგადი შეთანხმება ამ კონტაქტებისა და მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ როგორც სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის, ასევე უფრო მაღალ დონეზე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ასევე პირისპირ ფორმატში გაიმართა.