აზერბაიჯანული მედია - ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ იყო, გარე დარტყმის ელემენტების არარსებობა გამორიცხავს მისი ჩამოგდების შესაძლებლობას
აზერბაიჯანული მედია - ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ იყო, გარე დარტყმის ელემენტების არარსებობა გამორიცხავს მისი ჩამოგდების შესაძლებლობას

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ყოფილა.

როგორც მედია წერს, თვითმფრინავი დატვირთული იყო F-16-ის ტიპის გამანადგურებლების სათადარიგო ნაწილებით. ამასთან, ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომელთა მოვალეობაც ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე კონტროლი იყო.

სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავში ასვლამდე სპეციალისტებმა, აეროპორტის უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად, ყველა პროცედურა და შემოწმება უმცირეს დეტალებამდე გაიარეს, რაც აეროპორტის სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

„თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ იყო, მასში მხოლოდ F-16-ის ტიპის თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები იყო. „C-130“-ზე გარე დარტყმის ელემენტების არარსებობა გამორიცხავს მისი ჩამოგდების შესაძლებლობას. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ თვითმფრინავის შიგნით ასაფეთქებელი ნივთიერების ან მოწყობილობის არსებობის და მისი აფეთქების შესაძლებლობას, ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე აუცილებლად უნდა იყოს აფეთქების კვალი“, – აღნიშნა წყარომ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, არსებობს ორი ვერსია, თუ რა შეიძლება გამხდარიყო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. პირველი ვერსიის თანახმად, რადგან თვითმფრინავი დიდი ხანია ექსპლუატაციაშია, მასზე, შესაძლოა, კოროზია წარმოქმნილიყო და ამას  ჩამოვარდნა გამოეწვია; მეორე ვერსიის მიხედვით, თვითმფრინავში ტვირთი მოთხოვნების შესაბამისად არ იყო დამაგრებული, რასაც შეეძლო, ტურბულენტობა გამოეწვია.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.