აზერბაიჯანული მედია - აშშ-ის საელჩომ ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ გადადო, რაც სამთავრობო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საელჩო თავის „ჯაშუშურ ქსელთან“ შეხვედრას აწყობდა

აშშ-ის საელჩომ ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ გადადო, რაც სამთავრობო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საელჩო აწყობდა შეხვედრას თავის „ჯაშუშურ ქსელთან“, იმ ადამიანებთან, რომლებიც „ამერიკელ აგენტებად აიყვანეს შეერთებულ შტატებში სწავლის დროს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა turan.az-ი წერს, ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება ბაქოში აშშ-ის საელჩოს სთხოვეს.

„საელჩო მოუთმენლად ელოდებოდა საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას, ასევე, ხაზს უსვამდა აშშ-ში განათლებამიღებული აზერბაიჯანელი კურსდამთავრებულების მიღწევებს და მათ წვლილს მშობლიური საზოგადოებისთვის”, – მოჰყავს გამოცემას საელჩოს საპასუხო განცხადება.

ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განცხადების თანახმად, საელჩო იმედოვნებს, რომ ღონისძიების ახალი თარიღი მალე გახდება ცნობილი.