აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში დარიგდა
აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში დარიგდა

კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე გავრცელდა მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ფლაერები და პოსტერები დღეს მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჩაიტანეს. მასალები სომხურად და აზერბაიჯანულად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს.

„მხოლოდ დღეს, საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით დაიბეჭდა და დარიგდა აზერბაიჯანულენოვანი 32 000 ფლაერი და 1200 პოსტერი და სომხურენოვანი 16000 ფლაერი და 600 პოსტერი“, – აღნიშნავენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათივე ცნობით, ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ინფორმაციის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში. დღეს ნინოწმინდაში გაიგზავნა სომხურენოვანი 16000 ფლაერი და 600 პოსტერი.

„ამჟამად განმეორებით იბეჭდება ბროშურები/პოსტერები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამატებით მიეწოდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა შესაძლო საშუალებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ითარგმნა ვიდეორგოლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს და მარნეულის მერ ზაურ დარგალს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად მარნეულის ბლოკ-პოსტთან გადასცა 2000-2000 ეგზემპლარი სოხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ. ასევე, ჩვეულებრივი საგაზეთო გამოცემები კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

უწყებაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ უკვე ამოქმედებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის www.StopCoV.ge – ს აზერბაიჯანულენოვანი ვერსია და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც.