აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გელა გელაძემ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები.
უწყების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას.
შეხვედრის დასასრულს გელა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.