აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

15:16, 16.10.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს ახალი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი მიიღო. საქართველოს ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ილჰამ ალიევმა კმაყოფილებით გაიხსენა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი და ამ ვიზიტის დროს გამოვლენილი სტუმართმოყვარეობა.

ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს მდიდარი ისტორია და დიდი მომავალი აქვს და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას, როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

ალიევის თქმით, ხალხებს შორის ძმური კავშირებია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი ზაქარაშვილმა მიღებისთვის მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აზერბაიჯანში ელჩად დანიშვნა და სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნები – სტრატეგიული პარტნიორები, ხოლო ხალხები ერთმანეთთან ახლოს არიან.

დიპლომატის თქმით, თავისი საქმიანობის პერიოდში არ დაიშურებს ძალისხმევას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ისტორიულად არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. საუბრისას კმაყოფილება გამოითქვა პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების გამო; ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტის, კომუნიკაციების და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მიერ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს; ხაზი გაესვა იმას, რომ აღნიშნული პროექტები დიდ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზეც.

მსგავსი