აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო და რეგიონთშორისო მგზავრობისას მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კოვიდპასპორტი წარადგინონ
აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო და რეგიონთშორისო მგზავრობისას მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კოვიდპასპორტი წარადგინონ

აზერბაიჯანში, პირველი ოქტომბრიდან, საქალაქთაშორისო და რეგიონთშორისო მგზავრობის დროს მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კოვიდპასპორტი წარადგინონ. აღნიშნული წესი არ გავრცელდება ბაქოსა და სუმგაითს შორის, ასევე აბშერონის რაიონის ტერიტორიაზე მგზავრობისას.

შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მთავრობის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მგზავრობისას 18 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა პირველი ოქტომბრიდან უნდა წარადგინონ ვაქცინის ერთი დოზით აცრის სერტიფიკატი, ხოლო პირველი ნოემბრიდან ორი დოზით აცრის ან იმუნიტეტის სერტიფიკატი.

ამასთან, ოპერატიულმა შტაბმა კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება გასართობი და დასვენების ცენტრები, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრები, თეატრები და კინოთეატრები. აღნიშნულ დაწესებულებებში შესასვლელად მოქალაქე ვალდებული იქნება, წარადგინოს კოვიდპასპორტი. ამასთან, ამ დაწესებულებების თანამშრომლების სულ მცირე 80 პროცენტს უნდა ჰქონდეს კოვიდპასპორტი.

დატოვე კომენტარი