აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორ კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ლაშა აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ელჩინ მამადოვი, გენერალური პროკურორის მოადგილე ჰაიდარ მამადოვი, მთავარი სამხედრო პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილე ბაჰრუზ აჰმადოვი და ქალაქ ბაქოს პროკურორი ელშან აბასოვი.
შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობასა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ასევე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, კამრან ალიევმა საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პროკურატურის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერებინეს. მანამდე კი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ღირსების ხეივანი და მოწამეთა ხეივანი მოინახულეს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.