აზერბაიჯანში დღეს აფგან მუხთარლის საქმის განხილვა იწყება
აზერბაიჯანში დღეს აფგან მუხთარლის საქმის განხილვა იწყება

აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანის ქალაქ ბელაქანში სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს.

„საქმის განხილვის ზუსტი დრო არ ვიცით. გვაქვს კონტაქტი კოლეგებთან. მუხთარლისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა. სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ მაქვს“, – აცხადებს პირველ არხთან საუბრისას არჩილ ჩოფიკაშვილი.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.