აზერბაიჯანში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებული – „ტრამპის მარშრუტს“ განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს რეგიონში გეოსტრატეგიული რისკების შემცირებისა და ნდობის გაზრდის კუთხით
აშშ „ტრამპის მარშრუტს“ განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს რეგიონში გეოსტრატეგიული რისკების შემცირებისა და ნდობის გაზრდის კუთხით, – ამის შესახებ აზერბაიჯანში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ემი კარლონმა აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
პროექტზე საუბრისას ემი კარლონმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ სახელი ან ფორმალური პროექტი.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ ვქმნით ახალ ინსტიტუტს, ვახორციელებთ მასში ინვესტიციას და უზრუნველვყოფთ მის ეკონომიკურ მდგრადობას მომავალში, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროექტის დაფინანსების ნაწილი 201 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდიდან გამოიყოფა. მისი თქმით, ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კერძო ინვესტორების მოზიდვაა.
„ინვესტიციების, დროისა და ძალისხმევის ის მოცულობა, რომელიც აშშ-ის მთავრობამ ამ პროექტში ჩადო, ისევე როგორც თავად ფაქტი, რომ პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება, ცხადყოფს, თუ რაოდენ სერიოზულად ვუდგებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა ემი კარლონმა.