აზერბაიჯანმა სომხეთი სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა
აზერბაიჯანმა სომხეთი სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა

აზერბაიჯანმა სომხეთი სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტოვუზის რაიონის მიმართულებაზე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით გაუხსნეს.

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხური მხარის მიერ ცეცხლის გახსნას აზერბაიჯანმა ანალოგიურად უპასუხა და სროლას აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლი არ მოჰყოლია. პარალელურად, აზერბაიჯანელ სამხედროებს ამ დრომდე ჩაკეტილი აქვთ სომხეთის სახელმწიფოთაშორისო გზის გორის-კაპანის მონაკვეთი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სომხურ მხარეს გადასცა ინფორმაცია ერთ-ერთ მესაზღვრეზე თავდასხმის შესახებ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამჟამად, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარები ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გზის გახსნაზე კი მუშაობა გრძელდება. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გზის გადაკეტვის მიზეზად ერთ-ერთ მესაზღვრეზე სომეხი ჯარისკაცების მხრიდან დანით თავდასხმა დაასახელა. ოფიციალურმა ერევანმა ინფორმაცია უარყო.