აზერბაიჯანმა „სიენენს“ სასამართლოში უჩივლა
აზერბაიჯანმა ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენს“ სასამართლოში უჩივლა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, სარჩელი ქვეყნის წინააღმდეგ უსაფუძვლო და პროვოკაციული ბრალდებების შემცველი სტატიის გამოქვეყნებას უკავშირდება.
„სიენენის“ მიერ 2026 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიას ისრაელი, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმები მოქმედებდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის რამდენიმე ადგილას, ირანის საზღვართან ახლოს და ამ ადგილებიდან აწარმოებდნენ სადაზვერვო და დრონების ოპერაციებს. ასევე ნათქვამი იყო, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, წინასწარ განალაგა მოსასმენი მოწყობილობები და სხვა სადაზვერვო აღჭურვილობა აზერბაიჯანში ირანის წინააღმდეგ შემდგომი ოპერაციებისთვის მოსამზადებლად.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, „სიენენს“ სტატიის გამოქვეყნებამდე აზერბაიჯანის პოზიციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
ტელეკომპანიის მოთხოვნის საპასუხოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ ოფიციალურად უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ იძლევა თავისი ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ან სადაზვერვო მიზნებისთვის გამოყენების უფლებას რომელიმე მესამე ქვეყნისთვის, თუმცა, ამ პასუხის მიუხედავად, სტატია სათანადოდ არ ასახავდა აზერბაიჯანის პოზიციას, ხოლო მისი ძირითადი მტკიცებულებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იყო წარმოდგენილი. გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ „სიენენმა“ უარყოს ბრალდებები და შეასწოროს სტატია.
შესაბამისი განცხადება ასევე გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. 6 და 23 ივნისს, ასევე 2 ივლისს აზერბაიჯანულმა მხარემ „სიენენს“ გაუგზავნა წერილები, სადაც ოფიციალურად მოითხოვდა სტატიაში მოცემული ბრალდებების უკან წაღებას და შესწორებების შეტანას. მიუხედავად იმისა, რომ „სიენენმა“ აზერბაიჯანის მოთხოვნების გადახედვის პირობა დადო, ამ პერიოდში მან არანაირი ქმედება არ განახორციელა და არ უარყო სადავო ბრალდებები“, – წერს აზერბაიჯანული მედია.
ამ ფონზე აზერბაიჯანმა „სიენენის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა დელავერის ოლქის აშშ-ის საოლქო სასამართლოში, შტატში, სადაც მედიაორგანიზაცია ოფიციალურად არის დარეგისტრირებული. სარჩელი ოფიციალურად 2026 წლის 17 აგვისტოს შეიტანეს. აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, რეპორტაჟის ერთ-ერთი ავტორი ტიმ ლისტერი ცნობილია აზერბაიჯანის მიმართ ცალმხრივი მიდგომით თავის წინა რეპორტაჟებში, რადგან 2020 წლის ომისა და 2023 წლის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები ასევე შეიცავდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიკერძოებულ ბრალდებებს.