აზერბაიჯანის, უკრაინისა და პალესტინის ლიდერებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენა მიულოცეს
აზერბაიჯანის, უკრაინისა და პალესტინის ლიდერებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენა მიულოცეს

აზერბაიჯანის, უკრაინისა და პალესტინის ლიდერებმა თურქეთის პრეზიდენტს ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენა მიულოცეს.

თურქეთის კომუნიკაციის დირექტორატის ინფორმაციით, პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა თურქეთის წარმატებას პალესტინის წარმატება უწოდა. თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა. ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და იმედი გამოთქვა, რომ გაზის მარაგები თურქეთს სარგებელს მოუტანს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა რეგიონულ ვითარებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზებზე ისაუბრეს.

ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენა თურქეთის პრეზიდენტს წერილით მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და აღნიშნა, რომ აღმოჩენა თურქეთის ინდუსტრიული პოტენციალის ნიშანია.

თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ 21 აგვისტოს განაცხადა.