აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას ვედის რაიონის სოფელ არაზდაიენში განლაგებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მიმართულებით.

სამინისტროს განცხადებით, ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს, ბასარკეჩიარის რაიონში განლაგებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალებმა, ქალბაჯარის რაიონის სოფელ დემირჩიდამში განთავსებული აზერბაიჯანული არმიის პოზიციები დაცხრილეს და აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. გარდა ამისა, მათივე ცნობით, 14 აგვისტოს საღამოს, სომხეთის უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა, ქალაქ შუშას მიდამოებში, სადაც დროებით რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებულნი, განახორციელეს პროვოკაცია აზერბაიჯანული დანაყოფების წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ ორი სამოქალაქო მანქანა მიუახლოვდა სოფელ ხალფალს, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე გასროლა განახორციელეს ჰაერში და დაუყოვნებლივ დატოვეს ტერიტორია.

მათივე განმარტებით, აზერბაიჯანულმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო და რუსეთის სამხედრო ნაწილის სარდლობას მომხდარის შესახებ შეატყობინა. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს მსხვერპლი არ არის, ხოლო ამჟამად ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითრებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.