აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად ორი მოქალაქე დაიღუპა
შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეები გემ TEDY-ზე იმყოფებოდნენ, თავდასხმის შემდეგ კი უკრაინის საპორტო ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, ამ ტერიტორიებზე შრომითი საქმიანობისგან ან ამ მარშრუტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის, გემებზე მუშაობისგან“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სამინისტროს არ დაუდასტურებია, რომელი ქვეყნის დრონები დაესხნენ თავს გემს.
„სქაინიუსის“ ცნობით, იქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ორ სატვირთო გემს დაარტყეს, როდესაც ისინი ოდესის ახლომდებარე პორტისკენ მიემართებოდნენ. რუსული მხარის თქმით, გემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტვირთს აწვდიდნენ.