აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განჯაში პოლიციელების მკვლელობა ქვეყნის სტაბილურობის დარღვევის მცდელობაა 
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განჯაში პოლიციელების მკვლელობა ქვეყნის სტაბილურობის დარღვევის მცდელობაა 

დესტრუქციული ძალები აზერბაიჯანის სტაბილურობის დარღვევას ცდილობენ,- აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჰიკმატ გაჯიევი განჯაში განვითარებულ მოვლენებს.

„აზერბაიჯანის არმიის მე- 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულმა აღლუმმა შეაშფოთა სომხეთი და სხვა დესტრუქციული ძალები. თუმცა ამ ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი პროვოკაციების განხორციელების მცდელობებს აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან პასუხი გაეცემა“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ განჯაში სამართალდამცველების მკვლელობაში ორ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა.

განჯაში არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე ორი პოლიციელი მიტინგის დაშლის დროს ცივი იარაღით მოკლეს. არეულობის დროს სამართალდამცველებმა 40 ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აქცია რადიკალური რელიგიური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

შეგახსენებთ, 3 ივლისს განჯის მერზე თავდასხმა განხორციელდა. ელმარ ვალიევს ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად მერი და მისი პირადი დაცვის წევრი დაშავდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს ეჭვმიტანილი. ის ადგილობრივი მცხოვრები იუნის საფაროვია. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია განჯაში დაკავებული საფაროვის მხარდასაჭერად იმართებოდა.