აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - 11 იანვრის სამმხრივი განცხადება რეგიონის ახალი კომუნიკაციების გახსნას, სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების შექმნას ეხება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - 11 იანვრის სამმხრივი განცხადება რეგიონის ახალი კომუნიკაციების გახსნას, სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების შექმნას ეხება

მიმდინარე წლის 11 იანვარს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაკეთებული სამმხრივი განცხადება რეგიონის ახალი კომუნიკაციების გახსნას, სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების შექმნას ეხება.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ყაზახ კოლეგა მუხთარ თილეუბერდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ განცხადების განხორციელებაში გარკვეული შეფერხებებია.

„ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბოლო პერიოდში სომხეთის რესპუბლიკაში შეინიშნება. გუშინ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება. გვჯერა, რომ ახალი ხელისუფლება მართებულად შეაფასებს და გააცნობიერებს ამ კრიზისის რეალურ შედეგებს და სწორ დასკვნებს გამოიტანს. მიგვაჩნია, რომ სომხური მხარე რაც უფრო მალე გააცნობიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების უალტერნატივობას, მით უფრო მალე აზერბაიჯანი და სომხეთი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები შეძლებენ ამის თანმდევი შედეგების დანახვას“, – დაამატა მინისტრმა.

მიმდინარე წლის 11 იანვარს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერების დონეზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

დამატებით, ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის განვითარებულ ურთიერთობებს მყარი საფუძველი აქვს და ყაზახი მინისტრის ბაქოში ვიზიტი ამ ორმხრივ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს.

ბაირამოვის თქმით, კოლეგასთან საუბრისას განიხილა სამუშაოების კოორდინირება და დამატებით ტვირთების მოზიდვა ტრანს-კასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის.

აზერბაიჯანელი მინისტრის განცხადებით, მხარეთა შორის განხილვის საგანია კასპიის ზღვასთან და მის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.

თავის მხრივ მუხთარ თილეუბერდიმ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის მტკიცედ მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობებია დამყარებული.

„აზერბაიჯანი ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული 2020 წლის 10 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმების განხორციელება შექმნის საფუძველს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის და მისცემს სტიმულს სამხრეთ კავკასიის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის. სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაცია ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ტრანს-რეგიონალური ინტეგრაციის გათვალისწინებით, ასევე ე.წ. ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის განხორციელება ქმნის ახალ პირობებს კასპიის საპორტო ინფრასტურტურის მზარდი პოტენციალის განსაბლოკად“, – აღნიშნა ყაზახმა მინისტრმა.