აზერბაიჯანის პროკურატურამ საფრანგეთისა და საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
აზერბაიჯანის პროკურატურამ საფრანგეთისა და საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც სააგენტო „ტრენდი“ წერს, ეს პირები არიან საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოგანესიანი და საქართველოს მოქალაქე ვაჰან ჩახალიანი.

მედიასაშუალების ცნობით, გამოძიება ჩატარდა ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვით საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელი მოქალაქეები არტურ ოგანესიანი და ვაჰან ჩახალიანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირებთან დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და მიგრაციული კოდექსის დარღვევით, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი შესაბამისი დოკუმენტების გარეშე და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით. ანუ სომხეთის ტერიტორიიდან ჩავიდნენ ხანქენდიში და სხვა ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ სახელის მქონე უკანონო რეჟიმის მხარდასაჭერად მონაწილეობდნენ როგორც დაქირავებული მებრძოლები სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის სამხედრო კონფლიქტში აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებაში.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაში, რა დროსაც იყენებენ უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო აღჭურვილობას. აზერბაიჯანის პროკურატურის მერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით, მათ შორის აგრესიული ომის წარმოება, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი თხოვნით უკვე მიმართა იმ ქვეყნების შესაბამის ორგანოებს, რომელთა მოქალაქეებიც არიან აღნიშნული პირები.