აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო ირანის მეცნიერების და კვლევის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს – „აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევის ნაცვლად, უმჯობესია, ყურადღება მიაქციონ საკუთარ პრობლემებს“

13:19, 26.10.2026

აზერბაიჯანის მეცნიერების და განათლების სამინისტრო ირანის მეცნიერების და კვლევის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს და მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

აზერბაიჯანის მეცნიერების და განათლების სამინისტროს განცხადების თანახმად, ჰოსეინ სიმაი-სარაფის განცხადება შეუსაბამოა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის განათლების პოლიტიკაში, ჩარევის ასეთი მცდელობები კი მტკიცედ აღიკვეთება.

აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო მოუწოდებს ირანელ ოფიციალურ პირებს, „დაკავდნენ თავიანთი ქვეყნის შიდა პრობლემებით“.

აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს განცხადების მიხედვით, ირანის პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი სკოლა, სადაც სწავლება აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს, უმაღლეს სასწავლებლებშიც არ ხდება სწავლება აზერბაიჯანულ ენაზე. განცხადების თანახმად, ირანის მოსახლეობის დაახლოებით 40 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ ჩამორთმეული.

„აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ირანის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა და ირანში ამ საკითხზე მოსაუბრე სხვა პირებმა, უმჯობესია, ყურადღება მიაქციონ საკუთარ პრობლემებს და ზომები მიიღონ იმ უპრეცედენტო უსამართლობის აღმოსაფხვრელად, რომელიც უკვე ათწლეულებია, გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ირანის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ჰოსეინ სიმაი სარაფმა აზერბაიჯანში ერთიანი სასკოლო ფორმის შემოღება გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ შექმნიან „თავისუფალ საგანმანათლებლო გარემოს“ იმ გოგონებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული. ამასთანავე, აღნიშნა, რომ ირანის უნივერსიტეტები მზად არიან, აზერბაიჯანელი გოგონები მიიღონ.

მსგავსი