აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი - საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას და მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი - საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას და მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის

ჩვენი ქვეყნები – საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, ორივე მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი ყოფილიყვნენ, – განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე. შუა დერეფნის მარშრუტის განვითარება შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. რაშად ნაბიევმა ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა არა მხოლოდ საქონლის საერთო ტრანზიტში, არამედ გაიზარდა უშუალოდ კონტეინერების რაოდენობაც.

„ჩვენ გვქონდა კონტეინერების რაოდენობის დაახლოებით 25%-იანი ზრდა, რომლებიც ჩვენი და საქართველოს ტერიტორიებზე გავლით მესამე ქვეყნებში გადიან. განვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. როგორც იცით, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის განვითარებაში. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩინეთიდან წამოსული საქონელი ბაქოსა და ქუთაისის გავლით 12-15 დღეში აღწევდეს დანიშნულების ადგილს, წარსულში იმავე გადაზიდვებს დაახლოებით 53 დღე სჭირდებოდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა.

რაშად ნაბიევის შეფასებით, გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო შუა დერეფნის ფარგლებში მიმდინარე ყველა პროცედურის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას და მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ასევე დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მონაწილეობით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ნაბიჯებს დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.