აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის მიერ სასაზღვრო ზონაში სიტუაციის ესკალაცია მოხდა უმიზეზოდ და სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რაც მიზანმიმართული სამხედრო პროვოკაცია და ავანტიურაა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაცია გასულ დღეს მოხდა. როგორც ბაქოში განაცხადეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის ერთი რიგითი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელბული სროლების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის გამწვავებას გამოეხმაურა ეუთო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ასევე კონფლიქტის დასარეგულირებლად დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა.