აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, სომხეთის სიუნიქის რეგიონში, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზურად მოიხსენიებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის შემდეგ, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია მოაწყვეს და იმავე საღამოს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დანაყოფს ზანგილანის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის მედია წერს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანელ სამხედროებს მიმართეს, არ ეპასუხათ ინციდენტისთვის. შედეგად, აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. ასევე იმავე დღეს, გუბადლის რაიონის სოფელ შურნუხის მიმართულებით, 30-40 მანქანით მოძრავი ადამიანების ჯგუფი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან მივიდნენ და სომხურად აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ფრაზებს სკანდირებდნენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ამგვარი პროვოკაციების გამეორების შემთხვევაში, განხორციელდება ყველაზე მკაცრი საპასუხო ზომები.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ხელისუფლება. სიუნიქის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ კაპანის მერი, გევორქ პარსიანი აცხადებს, რომ გასულ ღამეს სასაზღვრო ზონაში სროლა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სომხური მედია წერს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სტეფანაკერტს, ასევე სოფლებს: მხითარაშენს და შოშს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტეპანაკერტში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა, სოფლების მისამართით კი 20 წუთის განამვლობაში ისროდნენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სხავადასხვა მიმართულებაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაარღვიეს.

„ამ დარღვევების თავისებურება ისაა, რომ თუ ადრე მოწინააღმდეგე ჰაერში ისროდა, ახლა უფრო ხშირად ხდება თავდაცვის არმიისა და სასაზღვრო დასახლებების პოზიციების დაბომბვა. აზერბაიჯანულ მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციული მოქმედებებისგან და დაიცვან მიღწეული შეთანხმებები“, – ნათქვამია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინსიტრაციის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი