აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფრანგული მხარის ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფრანგული მხარის ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფრანგული მხარის ბრალდებებს უარყოფს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო მკაცრად გმობს ფრანგული მხარის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აზერბაიჯანის მიმართ და მოუწოდებს, შეწყვიტოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია მიუღებელი ბრალდებებით, როგორიცაა სომხების ხოცვა-ჟლეტა.

„მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გაიხსენებდა თავისი ქვეყნის, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიოდა, ისტორიას; ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ უმოწყალო დამოკიდებულებას და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სასტიკ მკვლელობებს, როგორც მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული კოლონიური პოლიტიკის ნაწილს. უფრო მეტიც, იმის ნაცვლად, რომ აზერბაიჯანი დაადანაშაულონ ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის მომხრე საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ქვეყნის წარუმატებელ პოლიტიკაზე ზღვისიქითა ტერიტორიების მიმართ, რამაც გამოიწვია მსგავსი პროტესტი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საფრანგეთს, შეწყვიტოს უსაფუძვლო პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელარდ დარმანინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს აზერბაიჯანი ახალი კალედონიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

„ეს არ არის ფანტაზია. ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა სეპარატისტმა დადო შეთანხმება აზერბაიჯანთან. თუნდაც ჩარევის მცდელობა იყოს. საფრანგეთი სუვერენულია საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ჯერალდ დარმანინმა.

ამასთან, ახალ კალედონიაში, სადაც საპროტესტო აქციებზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.