აზერბაიჯანელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა
აზერბაიჯანელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა

აზერბაიჯანელი დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და უმაღლეს დონეზე ორგანიზებული.

როგორც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელნურ ალავერდიევმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესის შეფასებისას აღნიშნა, არჩევნები საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა.

„პარლამენტის არჩევნები საქართველოში ორგანიზებული და ჩატარებული იყო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებების და სტანდარტის, ეუთო-სა და ევროსაბჭოს სტანდარტის, ასევე ეროვნული კანონმდებლობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“, – განაცხადა ელნურ ალავერდიევმა.

როგორც ელნურ ალავერდიევმა აღნიშნა, სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს არ აქვს არსებითი შენიშვნები საყოველთაო საარჩევნო პროცესზე, არჩევნების ორგანიზებასა და კომისიების საქმიანობაზე საარჩევნო უბნებზე, სადაც მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისთვის. შეინიშნებოდა ამომრჩეველთა აქტიურობა.

„არჩევნები შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ელნურ ალავერდიევმა.

აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, დაცული იყო ყველა წესი და ნორმა, საარჩევნო უბნების მუშაობა ძირითადად გამართული იყო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არზუ ნაღიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. როგორც არზუ ნაღიევმა აღნიშნა, არჩევნების პროცესზე დაკვირვებისას არსად არანაირ ინციდენტს არ ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებიც უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის მომავალ თანამშრომლობას.

„აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა სამაგალითოა როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური, პოლიტიკური კუთხით. ვფიქრობ, ეს არჩევნებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს შემდგარ არჩევნებს. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში იმ პოლიტიკური, ეკონომიკური გეგმების განხორციელებისათვის, რომლებიც მათ წინაშე დგას“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.