აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, შაჰნაზ ბეილერკიზს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა
აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ ჟურნალისტს, შაჰნაზ ბეილერკიზს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.
სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უფლებადამცველთა ჯგუფმა, დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის მეუღლეს პატიმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.
შაჰნაზ ბეილერკიზი ტელეკომპანია Toplum-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც 6 თებერვალს კოლეგასთან ერთად დააკავეს და ბრალი კონტრაბანდის მუხლით წაუყენეს.
შაჰნაზ ბეილერკიზის მეუღლე ისმაილ აიუბოვი აცხადებს, რომ მის მეუღლეს ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება და ტვინის კისტა აწუხებს.
„გამოძიების პერიოდში ჟურნალისტი სახლში იქნება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ დახურულა“, – განუცხადეს Reuters-ს.
პრესის თავისუფლების ჯგუფის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ცნობით, შაჰნაზ ბეილერკიზი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წელი ემუქრება, ერთ-ერთია მედიის იმ 23 წარმომადგენლისგან, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში სასჯელს იხდის.