აზარტული თამაშების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა
აზარტული თამაშების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „უთხარი აზარტულ თამაშებს არა, #სანდრიკასთვის“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები პირველი არხის გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაწესდეს რეგულაციები აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სანდრიკას ოჯახის წევრები და მეგობრები, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლუდომანია აღიარა დაავადებად. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენთან მოხდეს ადამიანების მკურნალობა და ისინი არ გავრიყოთ, არამედ დავეხმაროთ ამ სენის დამარცხებაში. არ არის არანაირი რეგულაცია, ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭრელებულია სხვადასხვა აზარტული თამაშების რეკლამებით. აუცილებელია, მოექცეს რეგულაციებში, რომ არ დაიღუპონ სხვებიც და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლების დახმარებას, რომ მოხდეს რეგულირება“, – განაცხადა სანდრო ბერაძის ძმამ, გიორგი ბერაძემ.

დატოვე კომენტარი