„აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრი“ - მნიშვნელოვანი იქნება, თუ სხვა ტელევიზიებიც მიბაძავენ საქართველოს პირველ არხს
„აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრი“ - მნიშვნელოვანი იქნება, თუ სხვა ტელევიზიებიც მიბაძავენ საქართველოს პირველ არხს

„აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გუგა ბესელია მიესალმება საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების რეკლამაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და სხვა ტელევიზიებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

ამასთან, გუგა ბესელია შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობს და სახელმწიფოსგან აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვას და ონლაინ სამორინეებში ასაკობრივი ზღვარის 21 წლამდე აწევას ითხოვს.

„მივესალმები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს სარეკლამო მიმართულებით შეზღუდვას სათამაშო ბიზნესის მიმართულებით, რაც ცალსახად ძალიან კარგია და ვფიქრობ, სხვა ტელევიზიებიც თუ მიბაძავენ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, სანამ ასე მოხდება, ალბათ მაინც სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რეკლამის შეზღუდვა მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ამას უნდა დაერთოს ასაკობრივი ზღვრის აწევა 21 წლამდე მინიმუმ. კანონში რაც წერია, აბსოლუტურად გაუგებარია. ონლაინ სამორინეში თამაში შესაძლებელია 18-ის ზემოთ და რეალურში 21 წლამდე. გაუგებარია, რატომ არის ეს განსხვავება“, – განაცხადა გუგა ბესელიამ.