კვლევის მიხედვით, მოზარდების 48 პროცენტს შეხება აქვს ონლაინსამორინესთან
კვლევის მიხედვით, მოზარდების 48 პროცენტს შეხება აქვს ონლაინსამორინესთან

არასამთავრობო ორგანიზაციის „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომ ლუდომანიის პრევენციის მიზნით, ორგანიზაციამ თბილისის სკოლებში ჩაატარა ლექცია-სემინარები, სადაც განხილული იყო შედეგები, რომლებიც აზარტულ თამაშებს მოჰყვება.

გუგა ბესელიას თქმით, ლექცია-სემინარების პარალელურად, ორგანიზაციამ თბილისის 10 სკოლაში ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-მა მოსწავლემ. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების 48 პროცენტს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან.

მისივე თქმით, გამოიკითხნენ სკოლის მოსწავლეები მე-9 კლასიდან მე-12 კლასების ჩათვლით, რომელთა ასაკობრივი ჯგუფი იყო 14-დან 18-წლამდე.

ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია, კვლევის შედეგები მიიტანონ სახელმწიფო უწყებებამდე, რომ აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რომელიც სამორინეებს აქვთ, მაქსიმალურად შეიზღუდოს.

„თუ გამოვიკვლევთ მოთამაშე მოზარდების ასაკობრივ ჯგუფს 15-დან 18 წლის ჩათვლით, მათი სტატისტიკა მნიშვნელოვნად იზრდება და შეადგენს 59%-ს. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო გაგვერკვია, რომელ აზარტულ თამაშებს თამაშობენ სკოლის მოსწავლეები და რომელი სარეკლამო არხებიდან იგებენ ინფორმაციას ონლაინსამორინეს შესახებ. მოზარდთა დიდი ნაწილი თამაშობს სამაგიდო თამაშებს (52%), შემდეგ მოდის სლოტები და პოკერი.

კვლევაში ძირითად შემთხვევაში მოზარდებმა აღნიშნეს ერთდროულად რამდენიმე სარეკლამო არხი, საიდანაც ღებულობენ ინფორმაციას ზოგადად ონლაინსამორინეს არსებობის შესახებ, ასევე მათ მიერ დაანონსებული სხვადასხვა აქციის შესახებ. კვლევის შედეგად, ლიდერობს ინტერნეტრეკლამა“, – განაცხადა გუგა ბესელიამ.

რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომ გამოკითხული მოზარდების 55% მოდის ბიჭებზე, 45% გოგონებზე; მოთამაშე მოზარდებიდან 56% ბიჭია, ხოლო 44% გოგონა.

მისივე თქმით, კვლევა ჩატარებულია ანონიმური კითხვარის მეშვეობით – მოზარდები კვლევის პროცესში არ აფიქსირებდნენ საკუთარ ვინაობას.

„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არ ხდება კანონის აღსრულება. კანონის მიხედვით, 18-წლამდე პირებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, თუმცა მიუხედავად ამისა, კვლევა გვიჩვენებს, რომ მოზარდების 48% აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან. შესაბამისად, გასამკაცრებელია ონლაინსამორინეში რეგისტრაციის პროცესი. მოზარდებში აზარტული თამაშების პოპულარობა და ტრენდულობა გამოწვეულია აგრესიული მარკეტინგული კამპანიით, რომელსაც ონლაინსამორინეები ეწევიან. შესაბამისად, ამ საკითხის რეგულაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ მუშაობს ონლაინსამორინეების მხრიდან აგრესიული მარკეტინგული კამპანიის რეგულაციის საკითხზე და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში კანონპროექტს წარუდგენს.