აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება

საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება.

შესაბამისი ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია არიან, ცვლილებების ინიცირება კი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით იკრძალება აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

ასევე, კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან მომგებიანი თამაშისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც 10 კვადრატულ მეტრ ფართობს აღემატება.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით დგინდება, რომ აზარტული ან მომგებიანი თამაშის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისთის 10 000 ლარით. ინიციატივით განისაზღვრება, რომ დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ ერთ თვეში გაორმაგდება.

ინიციატივის მომზადების მიზეზად სახელდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.