აზაროვს „პაფოსში“ იწვევენ - კლუბის გენერალური დირექტორი ქართველია #1TVSPORT
ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი აზაროვს კვიპროსის ჩემპიონატში იწვევენ, – გამოცემა „სპორტ ფმ“-ის ცნობით, დაინტერესებული კლუბი სუპერლიგის „პაფოსია“.
მოსამზადებელ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ კლუბს მარცხენა მცველი სჭირდებოდა და სკაუტები ამ მიმართულებით მუშაობდნენ. სწორედ ამის გამო „ბარსელონადან“ წამოსულ ლიონელ მესის მიმართეს, რომ გუნდს მარცხენა ფლანგის პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა, – ცხადია, ეს ხუმრობა იყო.
სერიოზულად კი „პაფოსი“ ქართველი ტალანტით, ირაკლი აზაროვით დაინტერესდა და „სპორტ ფმ“-ის მტკიცებით, გუნდის წარმომადგენლები საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ უნივერსალს აკვირდებიან.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „პაფოსი“ საქართველოს ნაკრების 19 წლის მარცხენა მცველს ირაკლი აზაროვს აკვირდება. აზაროვი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ორ წამყვან გუნდში, „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა“, – იუწყება „სპორტ ფმ“.
ირაკლი აზაროვის პროფესიული კარიერა მხოლოდ 2 წელია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მან 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა. აზაროვმა, რომელსაც ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს, კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე უკვე 5 მატჩი ჩაატარა, ასევე ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრებში მიიწვია და ათამაშა.
ცნობილია, რომ „პაფოსს“ რუსი მეპატრონეები ჰყავს, გუნდის გენერალური დირექტორი კი ლატვიის მოქალაქეობის მქონე წარმოშობით ქართველი პაველ გოგნიძეა.