აზაროვმა ფინალში შედეგიანი გადაცემა შეასრულა - „შახტარი“ უკრაინის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტართან“ ერთად დასრულებულ სეზონში „ოქროს დუბლი“ შეასრულეს – უკრაინის ჩემპიონობის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ დონეცკელთა შემადგენლობაში თასი მოიგეს.
როვნოს „ავანგარდის სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში „შახტარი“ პოლტავის „ვორსკლას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრებიდან მხოლოდ აზაროვმა ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
აზაროვმა მე-40 წუთზე საგოლე შეტევა განავითარა და ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, დანილო სიკანმა კი ზუსტად დაარტყა და „შახტარი“ დააწინაურა. 56-ე წუთზე კი დონეცკელების უპირატესობა ეფიმ კანაპლიამ გაზარდა.
„ვორსკლამ“ 85-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. ეს გორის „დილას“ ყოფილმა თავდამსხმელმა, მიკოლა კოვტალიუკმა შეძლო, მაგრამ პოლტაველებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და 2023/24 წლების სეზონის უკრაინის თასი „შახტარმა” მოიპოვა.