ახალი კორონავირუსი - რა მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს
ახალი კორონავირუსი - რა მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ფარგლებს გარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. რიგ ქვეყნებში, სადაც ქართველების ყველაზე მეტი რაოდენობაა, კორონავირუსთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. ყველაზე სახიფათო ვითარებაში იტალიაში მყოფი ქართველები არიან, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 30 000 ქართველი ცხოვრობს. აპენინის ნახევარკუნძულზე ახალი კორონავირუსის (COVID 19) მსხვერპლმა 1000 ადამიანს გადააჭარბა, 13 000-მდე მოქალაქე კი ინფიცირებულია.

კორონავირუსის ზრდის ტემპით რთული მდგომარეობაა ესპანეთში, სადაც ასევე 30 000-მდე ქართველია. ქვეყანა ევროპაში ინფიცირებულების სტატისტიკით მეორე ადგილზეა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 3000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 84 ადამიანი გარდაცვლილია. „კოვიდ 19“-ით დაავადებულებს შორის არიან მინისტრები და პარლამენტის წევრები.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიდან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაშია, სადაც მათი რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციით, 800 000-ს აღწევს. ამ ეტაპზე რუსეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, დაავადებულია 28 ადამიანი, რაც 150-მილიონიანი ქვეყნისთვის ეპიდემიის ნიშნულად არ ითვლება. თუმცა, დღეს რუსეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეორე ადგილზე ქართველი ემიგრანტების რაოდენობის მიხედვით საბერძნეთია, სადაც 250 000 ქართველი ცხოვრობს. საბერძნეთში ამ დროისთვის ახალი ვირუსით ინფიცირების 120-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გუშინ კი ქვეყანაში კორონავირუსს პირველი პაციენტი ემსხვერპლა.

უკრაინაში, სადაც 150 000-მდე ქართველი ცხოვრობს, ვითარება სტაბილურია. კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვალების შემთხვევა არ არის.

100 000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს თურქეთში. მეზობელ ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გარემოა. თურქეთში დღეს „კოვიდ 19“-ით ინფიცირების მხოლოდ მეორე შემთხვევა დადასტურდა.

აშშ-ში, სადაც 80 000-მდე ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. შტატებში ვირუსის 1700-მდე შემთხვევაა დადასტურებული. 40 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 31 ვაშინგტონში.

აზერბაიჯანში გუშინ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი ქვეყანაში 15 ინფიცირებულია.

სწრაფად ვრცელდება ვირუსი გერმანიაში, სადაც 25 000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ქვეყანაში 2745 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ექვსი გარდაიცვალა.

როგორ უნდა მოიქცნენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე მოქალაქეები?

ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში უკვე შეჩერებულია. ამ ქვეყნებში მყოფ მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნება მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით შეუძლიათ. ისინი ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ მოგზაურობის ზუსტი ისტორია და გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი ან დაადასტურონ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, რომელსაც ეპიდემიოლოგები შეისწავლიან. ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას შესაბამისი პირობებით სახელმწიფო უზრუნველყოფს. გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული წესები უკვე ვრცელდება გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან მომავალ მოქალაქეებზე. აღნიშნულ ქვეყნებთან პირდაპირი ფრენები ჯერ აკრძალული არ არის. თუმცა, ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც იმავე პროცედურას გაივლიან.