„ლივერპულის“, „ჩელსისა“ და „დორტმუნდის“ ფეხბურთელები საქართველოში შეკერილი ფორმებით ითამაშებენ
„ლივერპულის“, „ჩელსისა“ და „დორტმუნდის“ ფეხბურთელები საქართველოში შეკერილი ფორმებით ითამაშებენ

MADE IN GEORGIA – 2021 წელს, სწორედ ამ წარწერის უნიფორმებით ითამაშებენ ცნობილი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი დაამზადებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით რუსთავში შენდება და რომლის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, „ლივერპულის“, „ჩელსისა“ და „დორტმუნდის“ გუნდები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ქართლი ტექსტილი“ ოთხ თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება. სააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.