ავტოსაგზაო შემთხვევისას 13 ივლისს დაშავებული შვიდი წლის გოგონა საქართველოდან სამშობლოში გადაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევისას 13 ივლისს დაშავებული შვიდი წლის გოგონა საქართველოდან სამშობლოში გადაიყვანეს

ქობულეთის შემოვლით გზაზე, 13 ივლისს ავარიისას დაშავებული შვიდი წლის გოგონა, რომელსაც მშობლები და პატარა ძმა ავარიის შედეგად დაეღუპა, ნათესავებმა საქართველოდან სამშობლოში – საუდის არაბეთში წაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა.

„გოგონა ქუთაისში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, აღარ სჭირდებოდა მართვითი სუნთქვა და ნევროლოგიური მიმართულებითაც იყო კარგ მდგომარეობაში. ორი დღის წინ, საუდის არაბეთიდან მას ნათესავებმა ჩამოაკითხეს, ქუთაისიდან თბილისის აეროპორტში რეანომობილით გადაიყვანეს. გოგონას მძიმე მოტეხილობები ჰქონდა, თუმცა ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, მას მკურნალობა საუდის არაბეთში გაეგრძელებინა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ზაალ მიქელაძემ.

ავარიის შედეგად, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს მოხდა, სულ 12 ადამიანი დაშავდა – არაბი და პოლონელი ტურისტები, ასევე ორი ქართველი მძღოლი. დაიღუპნენ არაბი ცოლ-ქმარი და მათი ექვსი წლის ბიჭი. ოჯახიდან მხოლოდ გოგონა გადარჩა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.