ავტომობილებში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ისეთი მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ალკოჰოლური თრობისას მძღოლს მანქანის დაძვრის საშუალებას არ მისცემს
საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების სტრატეგიის მიხედვით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ავტომობილში ისეთი მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ალკოჰოლური თრობისას მძღოლს მანქანის დაძვრის საშუალებას არ მისცემს.
სტრატეგიის თანახმად, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ნარკოტიკულ თრობას გამოავლენს.
„არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციისათვის საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტურია ინტეგრირებული, მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც აერთიანებს როგორც მკაფიო სამართლებრივ რეგულაციებს, ისე მათ პრაქტიკულ აღსრულებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გაგრძელდება იმ პრევენციული და სამართალდამრღვევზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების ეფექტურ გამოვლენას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას და მძღოლთა ცნობიერების ამაღლებას. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადებას მსგავსი მდგომარეობის მქონე მძღოლების იდენტიფიცირების გაუმჯობესების მიზნით.
ასევე, გაგრძელდება მუშაობა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტომობილში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) იმპლემენტაცია, რომლებიც მძღოლს არ აძლევს სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას. ამდენად, საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისათვის შესაბამისი სტანდარტის დადგენისას იგეგმება ზემოაღნიშნული კომპონენტის გათვალისწინება“, – ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.