ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობით დაინტერესებულ კომპანიებს ეკონომიკის სამინისტრო წინადადებების წარდგენას სთავაზობს
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობით დაინტერესებულ კომპანიებს ეკონომიკის სამინისტრო წინადადებების წარდგენას სთავაზობს

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დამატებითი ცენტრების შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებით დაინტერესებული კომპანიებისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევა გამოაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ინსპექტირების დამატებითი ცენტრების საჭიროება და რაოდენობა სამ ლოტადაა გადანაწილებული:

პირველ ლოტში თბილისი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ქარელი, საჩხერე, წალკა და აჭარა ერთიანდება. ამ ლოტში შემავალ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 12, ოთხი უნივერსალური და ერთი მოძრავი ტესტირების ხაზი.

მეორე ლოტი თბილისს, ოზურგეთს, ხობს, ახალქალაქს, დუშეთს, ამბროლაურს, სამცხე-ჯავახეთი/მცხეთა მთიანეთს მოიცავს. აღნიშნულ ტერიტორიებზე დაგეგმილია დამატებით მსუბუქი ავტომობილის 12, ოთხი უნივერსალური და ერთი მოძრავი ტესტირების ხაზის შექმნა.

მესამე ლოტში შედის თბილისი, ფოთი, სამტრედია, ბორჯომი, კასპი, დედოფლისწყარო, ყვარელი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ლეჩხუმი, გურია – აღნიშნულ ლოტში დამატებით შეიქმნება მსუბუქი ავტომობილის 11, ხუთი უნივერსალური და ერთი მოძრავი ტესტირების ხაზი.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ მთლიან ლოტზე, ერთზე ან რამდენიმეზე და არა მათში შემავალ რომელიმე ცალკეულ გეოგრაფიულ ერთეულზე.

ეკონომიკის სამინისტროში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 14 მაისი, 18.00 საათი. დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ლოტების შესახებ განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირებას გადიან სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) და სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) ავტომობილები, 2018 წლის 1 ივლისიდან ინსპექტირებას ასევე დაექვემდებარება იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილები, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაემატება ავტომობილები, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან – მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტომობილი.