ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების ცხელ ხაზზე დღეში 450-მდე ზარი შედის
ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების ცხელ ხაზზე დღეში 450-მდე ზარი შედის

ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების ცხელ ხაზზე დღეში 400-450 ზარი შედის. ძირითადად, მძღოლების უმეტესობას ტექისნპექტირების ამოქმედების ვადები აინტერესებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა ცხელ ხაზს, ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა თვის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

„3 იანვარს დაიწყო ქოლ-ცენტრმა ფუნქციონირება. დღეში დაახლოებით 400-დან 450 ზარს ვპასუხობთ. რეალურად, ჩვენ თვის ბოლოსკენ გვექნება საინტერესო ინფორმაცია. ძირითადად, მძღოლების უმეტესობას ტექისნპექტირების ამოქმედების ვადები აინტერესებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ავტოსატრასნპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის 3 იანვრიდან ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდა.

ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელია საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ნომრის – 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში.