ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება
ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის კვლავ შეზღუდვები იმოქმედებს. თბილისის მერიის ცნობით, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება. ამასთან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება.

„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება.