ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება [ვიდეო]

დიდ დიღომში, თბილისის მეორე ავტობაზაზე ავტობუსებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ავტობუსები ყოველდღიურად მუშავდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მერია ჩართულია ვირუსის პრევენციაში.

„გაიცა რეკომენდაციები, რაშიც დედაქალაქის მერიაც არის ჩართული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო და სხვადასხვა უწყებებთან ჩვენც გვქვს კონკრეტული დავალებები, რასაც ვასრულებთ, რომ მოვახდინოთ პრევენცია ვირუსთან მიმართებით. ყოველ საღამოს, როდესაც ავტობუსები სამუშაოს ამთავრებენ და შემოდიან ბაზაში, ისინი ირეცხება, მუშავდება შესაბამისი ხსნარებით. ასევე დილით, როდესაც უკვე გადიან სამუშაოდ, ნახევარი საათით ადრე ხდება ანალოგიურად მათი დამუშავება“, – განაცხადა კახა კალაძემ.