ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა
ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა

აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, გუშინ ერთი პირი მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო დღეს ორი პოლიციელი თურქეთში გაემგზავრა. ასევე, დღეს ღამით ერთი პაციენტი ისრაელში გაემგზავრება.

მისი თქმით, კლინიკებში სულ აქციის დროს დაშავებული 10 ადამიანი რჩება.

„დღეის მდგომარეობით, მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი. გუშინ ერთ-ერთის გამგზავრება მოხდა მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა ორი პოლიციელი თურქეთში. დღეს ღამით იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება რეაბილიტაციისთვის ისრაელში. ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ დანახარჯი სრულად აანაზღაუროს“, – აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, მისი თქმით, სამი პირი მოთავსებულია რეგიონულ ჰოსპიტალში, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

„რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება სამი პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. ორი პაციენტი კი, მართვით სუნთქვაზეა. ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. პაციენტი კონტაქტურია და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ აპარატიდან მოიხსნას. მეორე პაციენტთან სტაბილური დინამიკა გვაქვს. სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით ექიმებს მუდმივ კონსულტაციას უწევენ კოლეგები ისრაელიდან.