ავთანდილ თალაკვაძე - გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის
ავთანდილ თალაკვაძე - გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის

გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის, – ამის შესახებ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რეგიონს აქვს განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე მანქანები და აღჭურვილობა.

„განვიხილეთ აუდიტის სამსახურის შეფასებები და პარლამენტს ჩავაბარეთ ანგარიში. გვაქვს ხელშესახები პროგრესი. გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის. ყველა რეგიონს აქვს განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე მანქანები და აღჭურვილობა. სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობები და ანაზღაურება გაუმჯობესდა, თუმცა, ვინაიდან მიწოდებული სერვისის ხარისხი, სამედიცინო დახმარების სისწრაფე და ეფექტურობა იზრდება, მიგვაჩნია, რომ ჩვენი პერსონალის ანაზღაურება საჭიროა, კიდევ გაიზარდოს.

ვაშენებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალ ცენტრს, რომელთაგან 17 ცენტრის მშენებლობა უკვე ამა წლის მაისში უნდა დასრულდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თითოეულ თანამშრომელს – თქვენ ხართ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე!“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, სადაც თბილისსა და რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ფუნქციონირების („საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ და ქ. თბილისის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი” ) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.