ავთანდილ თალაკვაძე - 24 საათის განმავლობაში საზღვარზე შემოწმება 1600-მა ადამიანმა გაიარა, მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
ავთანდილ თალაკვაძე - 24 საათის განმავლობაში საზღვარზე შემოწმება 1600-მა ადამიანმა გაიარა, მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მნიშვნელოვანია, ყველა მგზავრმა, რომელიც ქვეყანაში რისკზონიდან შემოდის, არ დამალოს სიმპტომები, რომლებიც აქვთ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გაძლიერებულია.

თალაკვაძე საზოგადოებას სთხოვს, იმ რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს.

„ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად გატარდეს ყველა ღონისძიება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც გააჩნიათ, არ დამალონ სიმპტომები, რომლებიც აქვთ. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, ყველა იმ რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიოს აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გადატვირთვა, რათა უზრუნველყონ გადაუდებელ გამოძახებებზე დროული მისვლა.

გუშინ, 112-თან შეთანხმებით, დამატებითი ფილტრაციისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე აკეთებს რეაგირებას, ატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა საჭიროებს გადაყვანას, გადაგვყავს შესაბამის კლინიკაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკებში კი 35 პირია მოთავსებული.

მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600-მა ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ამასთან, ავთანდილ თალაკვაძე მედიას ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანისთვის მადლობას უხდის და უსაფრთხოების კუთხით თხოვნით მიმართავს.

„მედიას მინდა, ვთხოვო, დაიცვან უსაფრთხო პერიმეტრი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მადლობა მინდა, გადავუხადო მედიას, რომ ასე თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.