ავთანდილ ხურციძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ
ავთანდილ ხურციძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ვერდიქტზე განცხადებას აკეთებენ მისი ადვოკატები.

პირველ არხს განცხადება წერილობით ავთანდილ ხურციძის ერთ-ერთმა დამცველმა, მეგან ბენეტმა გამოუგზავნა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე იმედგაცრუებულია ვერდიქტით და მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება სასჯელის ზომა, აპელაციას მიმართავს.

„ადვოკატები იმედგაცრუებულები ვართ ამ შედეგით, თუმცა პატივს ვცემთ სასამართლოს და ნაფიცი მსაჯულების როლს. ჩვენ ახლა ფოკუსირებული ვიქნებით სასჯელსა და აპელაციაზე”,- განაცხადა ადვოკატმა.

ხურციძის ადვოკატების განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი სწორედ სასჯელის განსაზღვრა იქნება, რომელსაც ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ მოსამართლე 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

„სასჯელის გამოცხადების შემდეგ, რომელიც 2018 წლის 21 სექტემბერს არის ჩანიშნული, ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საჩივარი სასჯელის დადგენიდან ერთი წლის ვადაში უნდა განიხილოს”, – აცხადებს მეგან ბენეტი.

პირველი არხისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე შეჯამებულია ორკვირიანი სასამართლო პროცესი.

„ორი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი მტკიცებულებების თუ მოწმეთა დაკითხვის შემდეგ 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად დაადგინა, რომ ფედერალურმა მთავრობამ შეძლო დამტკიცება ავთანდილ ხურციძის კრიმინალური საქმიანობის (ბრალდების მასალების მიხედვით ეს იყო გამოძალვა, რაც გულისხმობდა აზარტული თამაშების ვალების შეგროვებას და ასევე კაზინოებში – სათამაშო აპარატების გატეხვას) და აქედან გამომდინარე ვერდიქტით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი”.

ადვოკატების ხაზს უსვამენ იმ ფაქტის, რომ თავიდანვე უარი ეთქვათ რაჟდენ შულაიას და ხურციძის საქმეების ცალკე საქმეებად გამოყოფაზე.

„ავთანდილ ხურციძე (სხვა პირებთან ერთად) დააკავეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურ საქმიანობაში თანამონაწილეობისთვის, რომელსაც უძღვებოდა რაჟდენ შულაია. ავთანდილი წარსდგა სასამართლოს წინაშე, რომელსაც განიხილავდნენ ნაფიცი მსაჯულები ფედერალურ სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვეთ ავთანდილის საქმის ცალკე წარდგენას, მოსამართლისგან უარი გვეთქვა და ხურციძე შულაიასთან ერთად გაასამართლეს იგივე ნაფიცმა მსაჯულებმა”,- აცხადებს ხურციძის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში მიმდინარე პროცესზე ავთანდილ ხურციძე 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ ცნო. ჯერ უცნობია, რამდენი წელს განსაზღვრავს მოსამართლე პატიმრობის ვადად. გადაწყვეტილებას ქეთრინ ფორესთი სექტემბერში გამოაცხადებს.