ავთანდილ კასრაძე - Google Street View აპლიკაცია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
Google Street View აპლიკაცია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
კასრაძის თქმით, მისი უწყება კომპანია Google-თან, წლებია, აქტიურად თანამშრომლობს და ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ასეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მზადყოფნა გამოთქვა საკუთარი დაფინანსებით გააციფრულოს 24 ქალაქი საქართველოს მასშტაბით.
როგორც კასრაძე აღნიშნავს, ეს უზრუნველყოფს, რომ Street View აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, რომელიც ქვეყანაში ჩამოდის.
„ეს აპლიკაცია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანია Google-თან თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტით არ ამოიწურება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Google-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი იყოს უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობისთვისაც“, – აღნიშნა კასრაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. შედეგად, Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება.