ავთანდილ ასათიანი - ფინეთთან გასვლაზე გაცილებით რთული თამაში გველის #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ფინეთთან გასვლაზე გაცილებით რთული თამაში გველის #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში მეორე გამარჯვება მოიპოვა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფინეთის ნაკრები 5:2 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და მოთამაშე შოთა თოფურიამ კომენტარები გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მძიმე ბრძოლა რომ გველოდა, ამას საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდეც ვამბობდი. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ამიტომ თამაშს სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ეს სამი ქულა ჰაერივით საჭირო იყო.

ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ვფიქრობ, დაიმსახურეს ჩემმა ბიჭებმა გამარჯვება და მინდა, მადლობა  გადავუხადო. 110 პროცენტით დაიხარჯნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ ქულას ვერ მოვიპოვებდით.

ახლა ფინეთთან საპასუხო თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ამაზე რთული მატჩი გველოდება და როგორც ვიცი, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, თბილისში მარტო არ ვიგებთ. ჩვენი გულშემატკივარი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ფინეთში ჩვენთან ერთად არ იქნებიან, თუმცა ვეცდებით, იქიდან გავახაროთ“.

შოთა თოფურია, საქართველოს ნაკრების წევრი: „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ფინეთი ძლიერი მეტოქეა და არ მეგონა, თუ ასეთი ანგარიშით დავამარცხებდით. გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები, დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშეთ. აღსანიშნავია, მეკარის კარგი თამაში. ვეცდებით, რომ ფინეთშიც მოვიპოვოთ სამი ქულა და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გზა გავაგრძელოთ”.

მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ტურკუში გამართავს.