ავთანდილ ასათიანი - ჩათვალეთ, რომ პირველი ტაიმი მოვიგეთ, სლოვაკეთში ძალიან რთული შეხვედრა გველის #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ჩათვალეთ, რომ პირველი ტაიმი მოვიგეთ, სლოვაკეთში ძალიან რთული შეხვედრა გველის #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ევრო 2026-ის პლეი ოფის პირველი მატჩზე, რომელშიც საქართველომ სლოვაკეთი 4:1 დაამარცხა.

„ველოდებოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. კარგია, რომ გუნდი დავალებების შესრულებას ცდილობდა. ამისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი. აუცილებლად მინდა გულშემატკივრის გამოყოფა – ასეთი ქომაგობა თუ გვექნება, არ ვიცი, შინ რომელი ნაკრები დაგვამარცხებს.

ჩათვალეთ, რომ დღეს პირველი ტაიმი დასრულდა. ანგარიშის მიუხედავად, სლოვაკეთში ძალიან რთული შეხვედრა და ამაზე ბევრად დიდი ბრძოლა გველის. მაქვს ინფორმაცია, რომ საპასუხო მატჩზე 8 ათასი ბილეთია გაყიდული.

სლოვაკეთში შეგვიძლია მეორე ნომრად თამაში. მართალია, პატარა უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება დავიმსახურეთ, დანარჩენი სლოვაკურ შეხვედრაში გამოჩნდება“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის 23 სექტემბერს გაიმართება – შეხვედრას ბრატისლავა უმასპინძლებს.