ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მიმართავს, ახალი ქვეყნების წევრობა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მიმართავს, ახალი ქვეყნების წევრობა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანამშრომლობის ფორმატი აღარ მუშაობს. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, არ მუშაობს. ის გაქრა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მთლიან კონცეფციას“, – აღნიშნა შალენბერგმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მეზობელი ქვეყნების მიმართ სანახევრო ზომებით ვეღარ შემოიფარგლება.

„ვაკუუმი არ არის. ეს ან ჩვენი მოდელია, ან სხვისი“, – დაამატა მან და ბრიუსელს მოუწოდა „არ იყოს გატაცებული გათვლებით, კანონებითა და დეტალებით“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, არამედ აღიაროს, რომ ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც „რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა“.

შალენბერგმა ევროპულ გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბლოკმა უნდა განიხილოს მეზობელი სახელმწიფოებისთვის „საერთო ბაზრის ნაწილებზე“, ასევე შერჩეულ ინსტიტუტებსა და პროგრამებზე სწრაფი წვდომის მინიჭება, როგორც გარდამავალი პროცესი სრულუფლებიანი წევრობისკენ, მათ შორის ოფიციალური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მონაწილეობის გზით.