ავსტრიის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ულტრამემარჯვენეების გარეშე მთავრობის ფორმირება მოითხოვეს
ავსტრიის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ულტრამემარჯვენეების გარეშე მთავრობის ფორმირება მოითხოვეს

ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. ვენასა და ავსტრიის რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებმა ულტრამემარჯვენეების გარეშე მთავრობის ფორმირება მოითხოვეს.

ვენაში დემონსტრანტებმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, ოჯახები ბავშვებით და ხანდაზმული ადამიანები.

ულტრამემარჯვენეების გარეშე მთავრობის ფორმირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. მოლაპარაკებების წარმატების შემთხვევაში, ავსტრიას ისტორიაში პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე კანცლერი.

ცნობისთვის, ჰერბერტ კიკლი და მისი პარტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს ავსტრიის ნეიტრალიტეტს არღვევს.

ამასთან, ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე სამ პარტიას შორის სექტემბერში დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ჩამოყალიბება იყო.