ავსტრიის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
ავსტრიის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა

ავსტრიის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა.

ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსნადრ ვან დერ ბელენმა მინისტრებს გარდამავალი მთავრობის ფორმირებამდე უფლებამოსილების შესრულება დაავალა. კანცლერმა, სებასტიან კურცმა უფლებამოსილების დროებით შესრულებაზე უარი განაცხადა და კანცლერის მოვალეობას ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰართვიგ ლიოგერი შეასრულებს. ლიოგერი კანცლერის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე პრეზიდენტი დროებითი კანცლერის თანამდებობაზე შესაბამის კანდიდატურას არ შეარჩევს.

ავსტრიის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პარლამენტმა კანცლერს უნდობლობა გამოცხადა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში მთავრობის მეთაურისთვის უნდობლობის გამოცხადება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა.

ავსტრიაში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანულმა მედიამ რუსი ოლიგარქის დისშვილის და ავსტრიის ვიცე-კანცლერის, ჰაინც-ქრისტიან შტრახეს შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ვიდეოში შტრახე რუს ბიზნესმენ ქალს ფინანსური დახმარებისა და არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების გაფორმებას ჰპირდება. ვიდეო 2017 წელს იბიცაზეაგადაღებული, რომელიც 2019 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა.