ავსტრიის პრეზიდენტმა კარანტინის წესები დაარღვია, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა კარანტინის წესები დაარღვია, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ალექსანდრ ვან დერ ბელენი ერთ-ერთ რესტორანში 23:00 საათის შემდეგაც დარჩა, რაც კარანტინის რეჟიმის დარღვევას წარმოადგენდა.
„მე პირველად გავედი სახლიდან ჩემს ორ მეგობართან და მეუღლესთან ერთად. ჩვენ საუბრისას დროის შეგრძნება დავკარგეთ. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს. ეს შეცდომა იყო“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
როგორც ავსტრიული მედია იუწყება, პოლიციამ ალექსანდრ ვან დერ ბელენი იტალიური რესტორნის ტერასაზე შენიშნა.
ავსტრიაში რესტორნებმა მუშაობა გასულ კვირას განაახლეს. თუმცა, კარანტინის წესების მიხედვით, მათი სამუშაო საათები შეზღუდულია.
რესტორნის მფლობელმა, სადაც ავსტრიის ლიდერი ვახშმობდა, განაცხადა, რომ მას არ ეგონა, რომ კანონს არღვევდა, რადგან რესტორანმა მუშაობა დადგენილ დროს შეაჩერა, თუმცა მომხმარებლებს ტერასაზე დარჩენის უფლება მისცა.
ავსტრიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რესტორანს დააჯარიმებენ, ის მზად არის, „აიღოს პასუხისმგებლობა“ და მფლობელს ზარალი აუნაზღაუროს.